პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის შემოღებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა.
მან მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ ღამის 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩებში როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით გადაადგილება იკრძალება.
„დღეს საღამოს 9 საათიდან, ხვალ დილის 6 საათამდე, გადაადგილება აკრძალულია როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით. ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო ავტომანქანებს და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგალითად, პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელე და სხვა ამდაგვარი.
მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს 21:00 საათიდან ამოქმედდება და იმოქმედებს დილის 6 საათამდე. ასე იქნება მთელი საგანგებო პერიოდის განმავლობაში. გთხოვთ, დაიცვათ ეს რეჟიმი. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არის გათვალისწინებული ჯარიმები, რომელიც გულისხმობს ფიზიკურ პირებზე 3 000-ლარიან ჯარიმას, ხოლოდ იურიდიულ პირებზე 15 000-ლარიან ჯარიმას. ყველამ დავიცვათ ის შეზღუდვები, რომელიც ძალაში შედის 21 საათიდან“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.